გრეტა გარბო
გრეტა გარბო | |
---|---|
გრეტა გარბო ფილმში „შთაგონება“ (1931) | |
დაბადების სახელი | გრეტა ლოვისა გუსტაფსონი |
დაბადების თარიღი |
18 სექტემბერი, 1905 სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდაცვალების თარიღი |
15 აპრილი, 1990 (84 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა |
შვედეთი (1905–1951) აშშ (1951–1990) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1920–1941 |
საიტი | gretagarbo.com |
გრეტა გარბო (შვედ. Greta Garbo, ნამდვილი სახელი გრეტა ლოვისა გუსტაფსონი, შვედ. Greta Lovisa Gustafsson; დ. 18 სექტემბერი, 1905, სტოკჰოლმი — გ. 15 აპრილი, 1990, ნიუ-იორკი) — წარმოშობით შვედი კინო-მსახიობი. გარბო იყო ჰოლივუდური მუნჯი და ხმოვანი პერიოდის საერთაშორისო კინოვარსკვლავი. მისი ბევრი ფილმი გამოირჩევოდა სენსაციურობით, რომლებსაც მნიშვნელოვანი მოგება მოჰქონდა კინოკომპანიებისათვის. გარბო ოთხჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე. მან ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ანა კარენინაში (1935) და კამელიაში (1936 წელს) დაიმსახუა ნიუ-იორკის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო. 1999 წელს ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ყველა დროის უდიდესი ქალი კინომსახიობების სია, ამ სიაში გრეტა გარბომ მეხუთე ადგილი დაიკავა მას უსწრებდნენ კეთრინ ჰეპბერნი, ბეტი დეივისი, ოდრი ჰეპბერნი და ინგრიდ ბერგმანი.
გარბოს კარიერა იწყება 1924 წლიდან, სწორედ ამ წელს მან მთავარი როლი შეასრულა შვედი რეჟისორის მორიც სტილერის ფილმში საგა იოსტა ბერინგზე. ეს ფილმი წარმოადგენდა ცნობილი შვედი მწერალის სელმა ლაგერლიოფის ნაწარმოების ეკრანიზაციას. ფილმის ქრონომეტრაჟი შეადგენდა სამ საათს, "საგა იოსტა ბერინგზე" წარმატებით გავიდა შვედეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ფილმის შემოკლებული ვერსია გაუშვეს, მაგალითად საფრანგეთში ამ ფილმის ხანგრძლივობა ორ საათს შეადგენდა. სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ გრეტა გარბოზე ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისით დაინტერესდა ჰოლივუდში მოღვაწე Metro-Goldwyn-Mayer-ის ხელმძღვანელი ლუი მაიერი და შესთვაზა აშშ-ში გამგზავრება. გრეტა გარბო ჰოლივუდში 1925 წელს ჩავიდა. 1926 წელს მან ითამაშა ფილმში "ნიაღვარი", იმავე წელს მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ხორცი და ეშმაკი, თანდათანობით გრეტა გარბომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ის მალევე გახდა კინოვარსკვლავი.
გარბოს პირველ საუკეთესო ფილმად ითვლება 1930 წელს გადაღებული „ანა კრისტი“.
გრეტა გარბომ კარიერის განმავლობაში 27 ფილმში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მას სთავაზობდნენ კვლავაც შეესრულებინა როლები, ყველა წინადადებაზე უარს აცხადებდა. გრეტა გარბო მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მისი პირადი ცხოვრება საიდუმლო ყოფილიყო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული კარიერა (1920–1924)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარბომ მუშაობა 1920 წლიდან დაიწყო. ვიდრე კინემატოგრაფიაში ცდიდა ბედს, ბევრ სხვადასხვა ადგილზე იმუშავა, მაგალითად საპარიკმახეროში, უნივერმაღში, გაზეთებისთვის სარეკლამო მოდელად. მან როლი რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშიც შეასრულა.
1922 წლიდან 1924 წლამდე სტოკჰოლმში სწავლობდა სამეფო დრამატული თეატრის სკოლაში. 1924 წელს მიიწვიეს ცნობილი შვედი რეჟისორ მორიც სტილერის ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად – ფილმს ერქვა „საგა იესტე ბერლინგზე“, რომელიც წარმოადგენდა მწერალ და ნობელიანტის სელმა ლაგერლოფის ნაწარმოების ეკრანიზაციას. გრეტა გარბოს პარტნიორობას უწევდა მსახიობი ლარს ჰანსონი. ვინაიდან გრეტა დამწყები მსახიობი იყო და პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში, რეჟისორი ყველანაირად ხელს უწყობდა მას და ეხმარებოდა.[1] „იესტე ბერლინგს“ მოჰყვა ახალ ფილმში მონაწილეობა – 1925 წელს გარბომ მთავარი როლი შეასრულა გერმანელი რეჟისორ გეორგ ვილჰელმ პაბსტის ფილმში „უსიცოცხლო ქუჩა“. ამ ფილმში აგრეთვე მონაწილეობდა დანიელი მსახიობი ქალი ასტა ნილსენი.[2] „უსიცოცხლო ქუჩა“ პაბსტისთვისაც კარიერის დასაწყის წარმოადგენდა, მანამდე მას მხოლოდ ორი ფილმი ჰქონდა გადაღებული.
გრეტა გარბომ პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა Metro-Goldwyn-Mayer-ის ხელმძღვანელ ლუის ბარტ მაიერთან. ამავე პერიოდში ჰოლივუდში MGM-ში მოღვაწეობდა შვედური მუნჯი კინოს კლასიკოსი ვიქტორ შიოსტრიომი, რომელიც სტილერის დიდი ხნის მეგობარი იყო. სწორედ მან შესთავაზა მაიერს, ბერლინში ყოფნის დროს ენახა სტილერი. არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ მოხვდა გარბო ჰოლივუდში. პირველის თანახმად, [3] მაიერს მუდმივად აინტერესებდა ნიჭიერი რეჟისორები. სწორედ ამ პერიოდში მან იხილა „საგა იესტე ბერლინგზე“, მოეწონა რეჟისორის ხედვა და გადაწყვიტა ჰოლივუდში მასთან ეთანამშრომლა, თუმცა სტილერმა გრეტა გარბოს გარეშე ჰოლივუდში წასვლაზე უარი განაცხადა. მაიერი დათანხმდა რეჟისორის წინადადებას. მეორე ვერსიის თანახმად[4], Metro-Goldwyn-Mayer-ის მთავარ ინტერესს არა რეჟისორი, არამედ სწორედ გრეტა გარბო წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, 1925 წელს სტილერიც და გარბოც ჰოლივუდში ჩავიდნენ.
მუნჯი ფილმები (1925–1929)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტილერი და გარბო, რომელიც ამ დროს ოცი წლის იყო და ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა, ჩავიდნენ ნიუ-იორკში, სადაც სამი თვე გაჩერდნენ და შემდეგ გაემგზავრნენ ჰოლივუდში, Metro-Goldwyn-Mayer-ში სამუშაოდ. ლოს-ანჯელესში ჩასვლის შემდეგ ის და სტილერი სამი კვირის განმავლობაში კვლავ გადიოდნენ მცირე მოლაპარაკებებს MGM-ის წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ გარბოს სავარაუდოდ კვლავ სტილერთან უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, მან სულ სხვა ფილმში შეასრულა მთავარი როლი. 1926 წელს რეჟისორმა მონტა ბელიმ გადაიღო ფილმი „ნიაღვარი“, რომელი იყო ცნობილი ესპანელი მწერალ ვისენტე ბლასკო იბანესის რომანის ეკრანიზაცია. ფილმში გარბოს პარტნიორობას უწევდა ამერიკელი მსახიობი რიკარდო კორტესი. ამ ფილმზე გამოხმაურება იყო საკმაოდ უარყოფითი, პრესაში საკმაოდ ცივი შეფასებები დაიბეჭდა. მიუხედავად ამისა, გარბოს გამოჩენა ამ ფილმში დადებითად აღინიშნა.
Metro-Goldwyn-Mayer-ის პროდიუსერი ირვინგ ტალბერგი არჩევდა ქალის როლს ფილმისთვის „მაცდუნებელი ქალი“, ეს ფილმიც წარმოადგენდა იბანესის რომანის ეკრანიზაციას. ფილმი გადაიღეს იმავე, 1926 წელს და მასში გრეტა გარბოს მთავარი პარტნიორი იყო ანტონიო მორენო. თავდაპირველად გარბოს ამ ფილმში მონაწილეობის მიღება არ სურდა, თუმცა მასწავლებლის, მორიც სტილერის თხოვნით (რომელიც ამავე დროს ფილმის რეჟისორიც იყო), დათანხმდა ამ როლს. სწორედ ამავე პერიოდში გარბომ სტოკჰოლმიდან მიიღო დეპეშა, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ მისი და ალვა გარდაცვლილიყო – იგი ოცდასამი წლის იყო. Metro-Goldwyn-Mayer-ის ადმინისტრაციამ გარბოს შვედეთში წასვლის უფლება არ დართო. მცირე ხნის შემდეგ მორიც სტილერს ურთიერთობები დაეძაბა პროდიუსერებთან, რადგან კარგად არ იცოდა ინგლისური და ამავე დროს, უჭირდა სტუდიურ სისტემასთან ადაპტირება. სტილერი მოხსნეს ფილმის რეჟისორობიდან და მისი დასრულება ჩაიბარა ფრედ ნიბლომ. ამ ფილმსაც პრესაში საკმაოდ ცუდი შეფასებები მოჰყვა, თუმცა ამის მიუხედავად „მაცდულებელმა ქალმა“ საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა ფილმის მწარმოებლებს – საერთო ჯამში ფილმის მოგება ერთ მილიონ დოლარს აღემატებოდა. მიუხედავად ცუდი შეფასებებისა, გრეტა გარბოს თამაშის სტილზე დადებით შეფასებებს აქვეყნებდნენ.[5]
კონტრაქტის თანახმად, გარბოს უნდა შეესრულებინა მთავარი როლი რვა მუნჯ ფილმში. „ნიაღვარის“ შემდეგ გარბოს ფილმები განსაკუთრებით მომგებიანი გახდა[6]. გარბოს სამ ფილმში პარტნიორობა გაუწია იმ პერიოდის ამერიკული კინოს ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა ჯონ გილბერტმა.[7] მათ ამ ფილმებში ძირითადად სასიყვარულო როლები ჰქონდათ და მალე – ნამდვილი რომანიც. 1927 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ხორცი და ეშმაკი“, რომელშიც ისინი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ. გარბოს უკანასკნელი მუნჯი ფილმი იყო 1929 წელს გადაღებული „კოცნა“.
MGM-ის დედოფალი (1930–1939)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წელს გამოვიდა ფილმი „ანა კრისტი“ – გრეტა გარბოს პირველი ხმოვანი ნამუშევარი. 1922 წელს ამერიკელმა დრამატურგმა იუჯინ ო'ნილმა გამოაქვეყნა ამავე სახელწოდების პიესა, გარბოს ეს ფილმი სწორედ ამ პიესის ადაპტირებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. რეკლამის მიზნით ფილმის მწარმოებლემა სპეციალური სლოგანები მოიფიქრეს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაყურებლის მიზიდვის მიზნით გაკეთებული განცხადება "გარბო ლაპარაკობს!". ფილმის რეჟისორი იყო კლერენს ბრაუნი. გარბო ნომინირებული იყო ოსკარზეც. ამავე წელს გრეტა გარბომ კიდევ ორ ფილმში ითამაშა, ერთი იყო, „რომანი“ და ანა კრისტის გერმანული ვერსია, ეს ფილმი წლის ბოლოს გამოვიდა კინოგაქირავებაში.[8] გარბო წარმატებით გადაერთო ხმოვან კინოზე. მან ამ პერიოდში სამ ფილმში შეასრული მთავარი როლი, რომლებიც შედარებით ნაკლებად წარმატებული გამოდგა, ესენი იყო რომანი (1930), „შთაგონება“ (1931) და „სიუზან ლენოკსი: დაცემა და ამაღლება“ (1931). ამ როლების შესრულების შემდგომ გრეტა გარბო სხვა თემატიკაზე გადაერთო, 1931 წელს რეჟისორმა ჯორჯ ფიცმაურისმა გადაწყვიტა გაეკეთებინა პირველი მსოფლიო ომის დროს მყოფი ცნობილი ჯაშუში ქალის მატა ჰარის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია, ფილმი გამოვიდა ეკრანებზე „მატა ჰარის“ სახელით რომელშიც მთავარი როლი სწორედ გრეტამ შეასრულა, ამ ფილმში მამაკაცის მთავარი როლი მსახიობმა რეიმონ ნოვარომ შეასრულა. 1932 წელს გარბომ „გრანდ ოტელში“ ითამაშა, მან რუსი ბალერინას როლი მოირგო. ორივე ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა წილად,[9] „გრანდ ოტელი“ ოსკარზე წლის საუკეთესო კინოსურათად დასახელა. შვედი კინომსახიობი ქალის პოპულარობამ ზენიტს მიაღწია.[10] მას თითო ფილმში მონაწილეობისთვის $250,000 დან $300,000 უხდიდნენ, ეს იყო ამ დროისთვის უპრეცედენტო ხელფასი, გარბო მალევე გახდა მილიონერი.[11][12] 1933 წელს გარბოს იღებენ ფილმში „დედოფალი კრისტინა“. გარბო ასახიერებს შვედეთის მმართველს 1632-1654 წლებში, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ქალბატონი იყო, სწორად მასთან მეგობრობა დაუჯდა რენე დეკარტს სიცოცხლის ფასად.
1932 წელს Metro-Goldwyn-Mayer-ში გაფორმდა ახალი კონტრაქტი, გარბოსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. კონტრაქტის საშუალებით გარბოს გაცილებით უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მიეცა[13]. „დედოფალ კრისტინაში“ გარბოს პარტნიორობას უწევდა ჯონ გილბერტი, ამ პერიოდში უკვე გილბერტის კარიერა მთავრდებოდა, მიუხედავად ამის ის ყველანაირად შეეცადა, რომ მაიერისათვის დაემტიკეცებინა, რომ როლზე მას ღირსეულად შეეძლო მუშაობა. "დედოფალი კრისტინას" შემდეგ გილბერტმა მხოლოდ ერთ ფილმში ითამაშა და მერე კინემატოგრაფიიდან წავიდა.
გადაწყდა გაკეთებულიყო ლევ ტოლსტოის ცნობილი რომანის „ანა კარენინას“ ეკრანიზაცია. 1935 წელს გარბომ „ანა კარენინაში“ შეასრულა მთავარი როლი, ეს ფილმი გარბოს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვა და ცნობილ როლად ითვლება.[14] 1936 წელს რობერტ ტეილორთან ერთად მან იმონაწილევა ფილმში „კამილია“, აქ შესრულებული როლის წყალობით გარბო ნომინირებული იქნა ოსკარზე საუკეთესო ქალის ნომინაციაზე. „კამილიაში“ შესრულებული როლით გრეტა გარბომ ნიუ-იორკის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო დაიმსახურა. კინოკრიტიკოსები გრეტა გარბოს მონაწილეობით გადაღებულ ფილმთა შორის საუკეთესო სწორედ "კამილიას" მიიჩნევენ.
1937 წელს რეჟისორმა კლარენს ბრაუნმა გადაიღო ფილმი „მარია ვალევსკა“, რომელშიც მთავარი როლი სწორედ გარბომ შეასრულა. გარბო უკვე ითვლებოდა იმ პერიოდის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ და გავლენიან კინოვარსკვლავად. 1939 წელს მან მონაწილეობა მიიღო ცნობილი რეჟისორის ერნს ლუბიჩის ფილმში „ნინოჩკა“. ოსკარის 1939 წლის ცერემონიაზე გარბო კვლავ იქნა ნომინირებული ქალის საუკეთესო როლისთვის. ფილმის რეკლამირებისათვის აკეთებდნენ განცხადებებს "გარბო იცინის!". მოგვიანებით ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა, „ნინოჩკა“ 100 საუკეთესო სასაცილო ფილმის სიაში შეიყვანა.
2005 წელს ამერიკის ფილმების ინსტუტმა გამოაქვეყნა 100 საუკეთესო ციტატა ამერიკული ფილმებიდა. 30-ე ადგილი დაიკავა ციტატამ ფილმიდან „გრანდ ოტელი“, ამ ფილმში გარბოს პერსონაჟი ამბობს "მე მინდა მარტოობა, მე სრულებით მინდა მარტოობა",[15] მარტოობის თემა გრაბოს სხვა ფილმებშის არის. მათ შორის აღსანიშნავია, 1927 წელს გადაღებული „სიყვარული“ ამ ფილმში გარბო ამბობს "მე მიყვარს მარტოობა".
უკანასკნელი სამუშაო (1940–1948)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეჟისორმა ჯორჯ კუკორმა 1941 წელს გადაიღო ფილმი „ქალი ორმაგი სახით“, ეს კინოსურათი იქცა გრეტა გარბოს კარიერაში უკანასკნელად. „ქალი ორმაგი სახით“ თავის მხრივ გარბოს კარიერაში ერთგვარი ცვლილებაც იყო, აქამდე სუპერვარსკვლავი ძირითადად რომანტიკულ მელოდრამებში იღებდა მონაწილეობას, ეს კი კომედია იყო, თუმცა გარბოს აქამდეც ჰქონდა რამდენიმე კომედიაში მონაწილეობა მიღებული მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია „ნინოჩკა“. ფილმში გარბოს გმირი, რამდენიმე მოქმედებას ასრულებს ის თან ცეკვავდა რუმბას, თან ცურავს და სრიალებს თხილამურებზე. ხარისხობრივი თვალსაზრისით ეს კინოსრუათი გარბოს წინა ფილმებისგან დიდად არ გამოირჩევოდა, არც უკეთესი იყო და არც უარესი. კრიტიკამ „ქალი ორმაგი სახით“ საკმაოდ ცუდად მიიღო, იწერებოდა კრიტიკული რეცენზიები. მიუხედავად ამისა კომერციული თვალსაზრისით მაინც მომგებიანი გამოდგა.[16] გრეტა გარბოს ამის შემდეგ კინემატოგრაფიიდან წავიდა, ის ამ პერიოდში ოცდათექვსმეტი წლის იყო და მხოლოდ ოცდაშვიდ ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ გარბო აღშფოთებული იყო კრიტიკის გამოხმაურებაზე, მას ამის გამო კინემატოგრაფიიდან წავლა ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი.[17][18] მისი ფილმები მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ევროპულ კინობაზარზე, ევროპაში კი მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი, რაც პირდაპირ აისახა Metro-Goldwyn-Mayer-ზე და მის მიერ ფილმების დისტრიბუციაზე. 1942 წელს უნდა გადაღებულიყო ფილმი გოგონა ლენინგრადიდან, მაგრამ ეს პროექტი მალევე ჩავარდა, კინოსურათზე გადაღებები დაწყებულიც კი არ ყოფილა.[19] გარბოს სჯეროდა, რომ ომის დასრულების შემდეგ ის კვლავაც დაუბრუნდებოდა მსახიობობას და გააგრძელებდა კინოკარიერას.[19][20] 1945 წელს გარბოს მეგობარმა და კოლეგამ სალკა ვირტელმა გააკეთა განცხადება "გარბო მოუთმენლად ელოდება ფილმებში მუშაობის დაწყებას, მაგრამ მას გარკვეული შიშიც აქვს ამის გამო".[21] გრეტას 1940-იანი წლების შემდეგ მრავალი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ის ყველა წინადადებაზე უარს აცხადებდა. შვედ კინომსახიობში გარკვეულ შიშს იწვევდა უკვე მისი ასაკიც, მას ეშინოდა თუ ხელახლა როგორ მოერგებოდა კინოს. რეჟისორი ჯორჯ კუკორი მიიჩნევდა, რომ გარბოს კარიერის დასასრული გამოიწვია ბოლო ფილმის მარცხმა. გარბომ კი ამ ყველაფერზე და კინემატოგრაფიიდან წასვლაზე მხოლოდ ერთი რამ თქვა "მე დავიღალე ჰოლივუდით. მე აღარ მომწონდა ჩემი სამუშაო. მრავალი დღის განმავლობაში მე ვაიძლებდი თავს მევლო სტუდიაში. მე ნამდვილად მინდოდა სიცოცხლე, სხვა სიცოხლე."[22]
1948 წელს გარბომ ხელშეკრულება გააფორმა პროდიუსერ ვალტერ უნგერთან, უნდა გადაღებულიყო „დედოფალი კრისტინი“, რომელიც ეყრდნობოდა ბალზაკის ნაწარმოებ „La Duchesse de Langeais“-ს. თუმცაფინანსური პრობლემები შეიქმნა და ეს პროექტიც ჩავარდა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1924 | ფ | საგა იოსტა ბერლინგზე | The Saga of Gosta Berling | ელიზაბეთ დონა |
1930 | ფ | ანა კრისტი | Anna Christie | ანა კრისტი |
1930 | ფ | რომანი | Romance | მადამ რიტა კავალინი |
1931 | ფ | ანა კრისტი | Anna Christie | ანა კრისტი |
1932 | ფ | გრანდ ოტელი | Grand Hotel | გრუზინსკაია |
1933 | ფ | დედოფალი ქრისტინე | Queen Christina | შვედეთის დედოფალი ქრისტინე |
1935 | ფ | ანა კარენინა | Anna Karenina | ანა კარენინა |
1939 | ფ | ნინოჩკა | Ninotchka | ნინა ივანოვნა იაკუშოვა |
1941 | ფ | ორსახოვანი ქალი | Two-Faced Woman | კარინ ბორგ ბლეიკი |
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას დიდი ლურჯი თვალები, გრძელი წამწამები, ოვალური სახე და არჩვეულებრივი თმა ჰქონა. ყველაზე გლამურული და საიდუმლოებით მოცული მსოფლიო კინოს ვარსკვლავი გრეტა გარბო მთელი ცხოვრება განმარტოებაზე ოცნებობდა.
“მინდა მარტოობის უფლება მომცეთ” ამ ფრაზა გრეტა გარბოსგან ყველაზე ხშირად გაიგებდით. თვით მისი კარიერის დასაწყისშივე გრეტა გარბო თავს არიდებდა ინტერვიუებს, არასოდეს დაურიგებია ავტოგრაფები და მთელი ცხოვრება პაპარაცებს გაურბოდა.
გრეტა გარბოეს თვისება მას მისტიურობას კიდევ უფრო მატებდა და ინტერესი მის მამართ არასოდეს ცხრებოდა. დღესაც, მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, გარბოს საიდუმლოებებით მოცული ცხოვრება უამრავი ადამიანის ინტერესის სფეროა.
მიუხედავად იმისა, რომ გრეტა გარბო ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მას არ უყვარდა ფუფუნება, ოსკარის ცერემონიაზე ის ერთი ჩვეულებრივი ავტომობილით ჩნდებოდა, მაშინ როდესაც ნაკლებად ცნობილი მისი კოლეგები თეთრი ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ.
გრეტა გარბო ქუჩაში ქუდით, დიდი სათვალეებით და ისეთი სამოსით დადიოდა, რომ მისი ცნობა ხალხს გაჭირვებოდა. სხვათა შორის იგი არასოდეს ხმარობდა მაკიაჟს, არ იკეთებდა მანიკიურს და სტომატოლოგთანაც არ დადიოდა. გრეტას საკუთარი სილამაზე საერთოდ არ აღელვებდა. გრეტა პირად ცხოვრებასაც ისევე მონდომებით მალავდა, როგორც საკუთარ სახეს. თუმცა მისი რომანი მუნჯი კინოს ცნობილ ვარსკვლავ ჯონ გილბერტითან ქორწილამდე მივიდა. დანიშნული იყო თარიღი და ცერემონიაც მხოლოდ დედოფალს ელოდა, თუმცა ცერემონიის დღეს გარბო ეკლესიაში არ გამოჩენილა.
მანამდე კი გრეტა გარბო ნიშნობის ბეჭედს ატარებდა, რომელიც მას მილიონერმა მაქს გუმპელიმა აჩუქა, თუმცა ეს ქორწინებაც არ შემდგარა და გრეტა გარბომ მთელი ცხოვრება სიმარტოვეში გაატარა
1953 წელს გარბომ ნიუ-იორკში სახლი იყიდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ სახლში გაატარა. იგი იშვიათად გამოიდოდა სახლიდან.
1990 წელს, 84 წლის გრეტა გარბო ფილტვების ანთებით ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ძალიან ცოტა იყო იმ ადამიანთა რიცვი, ვინც გარბო ასაკში შესული ნახა.
ის ყველას დაამახსოვრდა დიდრონი ლურჯი თვალებით, რომელიც ყველასთვის დახურული იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bainbridge, John (1955). Garbo, 1st, Garden City, NY: Doubleday, გვ. 256 pages. OCLC 1215789. ციტირების თარიღი: 22 July 2010.
- Bainbridge, John (1971). Garbo, 1st, New York: Holt, Rinehart & Winston, გვ. 320 pages. ISBN 978-0-03-085045-5. ციტირების თარიღი: 22 July 2010.
- Bainbridge, John (10 January 1955). „The Great Garbo“. Life. ციტირების თარიღი: 22 July 2010.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
- Bainbridge, John (17 January 1955). „The Great Garbo: Part Two: Greta's Haunted Path to Stardom“. Life. ციტირების თარიღი: 22 July 2010.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- GarboForever: ლეგენდა ცოცხლობს - მასალები გრეტა გარბოზე - ბიოგრაფია, ფილმოგრაფია, პოსტერები და მისთ. (გერმ.) დაარქივებული 2006-06-14 საიტზე Wayback Machine.
- Greta Garbo Biography—Yahoo! Movies დაარქივებული 2012-01-14 საიტზე Wayback Machine.
- Garbo History
- Greta Garbo
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Paris 1994, pp. 54–61.
- ↑ პარიზი 1994, pp. 67–69.
- ↑ Swenson 1997, pp. 72–74.
- ↑ Paris 1994, pp. 80–83.
- ↑ Paris 1994, p. 108.
- ↑ Paris 1994, pp. 568–570.
- ↑ Paris 1994, pp. 124–125.
- ↑ Paris 1994, p. 570.
- ↑ Paris 1994, pp. 570–573.
- ↑ Vieira 2005, p. 161.
- ↑ NYTimes 1990.
- ↑ Paris 1994, p. 343.
- ↑ Paris 1994, p. 285.
- ↑ Vieira 2005, pp. 207→210.
- ↑ AFI's 100 Years...100 Movie Quotes. ციტირების თარიღი: 24 July 2010.
- ↑ Bainbridge 1955c, p. 129.
- ↑ Paris 1994, p. 381.
- ↑ Vieira 1994, p. 267.
- ↑ 19.0 19.1 Vieira 2005, p. 268.
- ↑ Paris 1994, p. 383.
- ↑ Vieira 2005, p. 270.
- ↑ Broman 1990, p. 271.